მომდევნო თაობის ევროკავშირი

ევროკომისიამ კრიზისიდან გამოსასვლელად €750 მილიარდიანი პაკეტი წარმოადგინა

REUTERS

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ევროკომისიამ 750 მილიარდი ევროს ღირებულების გამაჯანსაღებელი პაკეტი წარადგინა.

ევროკავშირის მმართველი ორგანოს გეგმით, უნდა შეიქმნას ახალი ინსტრუმენტი, ფონდი, სახელად მომდევნო თაობის ევროკავშირი, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეულ ზიანთან გამკლავება იქნება.

ფონდი 750 მილიარდიანი ბიუჯეტისგან იქნება შემდგარი, რომელსაც ევროკავშირი ფინანსური ბაზრებიდან ისესხებს და მომავალი ბიუჯეტების ფარგლებში გადაიხდის. ვალის გადახდა 2028 წლიდან უნდა დაიწყოს და 30 წელი გასტანოს.

ფონდის შემადგენლობაში იქნება გაჯანსაღებისა და მედეგობის მექანიზმი, რომელიც 560 მილიარდი ევროთი დაფინანსდება. აქედან, 310 მილიარდი ევრო პირდაპირი გრანტებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 250 მილიარდი - სესხებისთვის.

ევროკომისიის წინადადება გერმანულ-ფრანგულ ერთობლივ შეთავაზებას მოსდევს, რომელიც 500 მილიარდ ევროიან გამაჯანსაღებელ პაკეტს გულისხმობდა. ევროკომიისიის იდეას ბერლინში და პარიზში, ისევე როგორც რომში, დადებითად შეხვდნენ, თუმცა გეგმის დასამტკიცებლად ევროკავშირის უკლებლივ ყველა წევრის სახელმწიფოს თანხმობა იქნება საჭირო.

გეგმას სრულად არ ემხრობიან ნიდერლანდები, ავსტრია, შვედეთი და დანია. ამდენად, სავარაუდოა, რომ ევროკომისიის თავდაპირველ წინადადებაში კორექტივების შეტანა გახდება საჭირო.

კომენტარები