გერმანია

მერკელი: პანდემია არ დასრულებულა, ვირუსი კვლავ აქ არის

ანგელა მერკელი
Axios

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, განაცხადებით, ნათელი უნდა იყოს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია არ დასრულებულა. მისივე თქმით, ისეთი საბაზისო ზომები, როგორიცაა სოციალური დისტანცია და პირბადეების ტარება, კვლავ საჭიროა.

გერმანიაში ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები მარტის შუა რიცხვებში დაწესდა და აპრილის ბოლოდან მათი შემსუბუქება დაიწყო.

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ გერმანიაში ზოგმა ლიდერმა მკაცრი წესების შეცვლის სურვილი გამოთქვა, მერკელმა ისინი გააფრთხილა რომ კრიზისი დასრულებული არ არის. მისი განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში უკეთესი კონტროლი აქვთ, თუმცა "ვირუსი კვლავ აქ არის".

"ჩვენ კვლავ პანდემიის საწყის ეტაპზე ვართ. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად შეიძლება მოხდეს ინფექციის გავრცელება, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ," - განაცხადა მან.

გერმანიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ვირუსის ადგილობრივი გავრცელების შემთხვევები იყო, მათ შორის, ხორცის გადამამუშავებელ ქარხნებში, ტაძარში მრევლს შორის და ასევე რესტორანში.

ბოლო 24 საათში გერმანიაში ახალი ვირუსით 362 დაინფიცირდა და 47 გარდაიცვალა.

გერმანიაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის 179 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 8 349 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 162 800 გამოჯანმრთელდა. 

7 მაისს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, გენერალური შტაბის უფროსმა, ჰელგ ბრაუნმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია, სულ მცირე, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

28 აპრილს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ, ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი შემოდგომაზე დაბრუნება, ან საერთოდ არც წავა.

კომენტარები