ჯარიმების ჩამოწერა

მდინარაძე: დღეს თუ მარტივად ჩამოიწერა ჯარიმები, ხვალ ხალხი იფიქრებს, რომ ახალსაც მოუხსნიან

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით შექმნილია "ჩიხური სიტუაცია".

"ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა - ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ და, აქ რაღაც უნდა მოვიფიქროთ და მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როცა ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, და, მთელი მსოფლიო, დღეს თუ ასე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად ამან შეიძლება არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს", - ამბობ მდინარაძე.

ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით მთავრობას ევროპულმა საქართველომ მიმართა. პარტიაში ამბობენ, რომ ჯარიმები ძალიან დიდია და მოქალაქეებს ამის გადახდის საშუალება არ აქვთ.

ევროპული საქართველო მოუწოდებს მთავრობას, ეს ჯარიმები ჩამოაწეროს და ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს ზედმეტ ტვირთად არ დააკისროს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. წესების დარღვევა კი ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 000 ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალიწინებდა.

საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციამ დაახლოებით 22 მილიონის ჯარიმები გამოწერა. 

კომენტარები