ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის ადვოკატი: ოჯახის მიმართ მზრუნველი პიროვნებაა, დანაშაული არ ჩაუდენია

რუსთავი2

ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთერთი ადვოკატი მალხაზ სალაყაია ამბობს, რომ ჩოგბურთელი უდანაშაულოა. მისივე თქმით, პროკურატურა იმის დასაბუთებას ცდილობდა, თუ რატომ მოითხოვეს პატიმრობა, თუმცა ბასილაშვილის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ მათი პოზიცია არ გაიზიარა. 

"[ბასილაშვილი] არის საკმაოდ წარმატებული და ელემენტარულად, არის ოჯახის მიმართ მზრუნველი პიროვნება. ეს მტკიცებულებები ბრალდების მხარესაც ჰქონდა, წარდგენილი იყო დაცვის მხარის მიერაც, შესაბამისად, სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა. მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია", - ამბობს ადვოკატი რუსთავი 2-თან საუბარში. 

საქართველოს პირველი ჩოგანი 22 მაისს დააკავეს. სასამართლო დღეს, 24 მაისს, გაიმართა და ბასილაშვილი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.  

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის ბასილაშვილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა. მისივე თქმით, დაპირისპირების მიზეზი არ იცის და მომხდარს ქონებრივ დავასთან კავშირი არ აქვს. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 16 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები