შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე

ქურდოვანიძე: მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დროულად განიხილავს

ნონა ქურდოვანიძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ნონა ქურდოვანიძის, თქმით, ორგანიზაციას აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ მიერ წარდგენილ სარჩელს დროულად განიხილავს. 

საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოს ქართული ოცნების უმრავლესობის მიერ 22 მაისს დამტკიცებულ კანონთან დაკავშირებით მიმართა, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, საკანონმდებლო ორგანოსგან დამოუკიდებლად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, დააწესოს რიგი შეზღუდვები. 

"რომ გადავხედოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, როგორ უყურებს ის პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილებების დელეგირების საკითხს, ძალიან აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილებაც, ეს კანონიც, უნდა დაექვემდებაროს კანონის გაუქმებას, როგორც არაკონსტიტუციური აქტის.

მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დროულად განიხილავს სარჩელს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს არაკონსტიტუციური ნორმები გააუქმოს", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტარში. 

საია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არაკონსტიტუციურია გადაადგილების თავისუფლების, შრომითი და საკუთრების უფლებებთან მიმართებით. 

ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის მოწოდებების მიუხედავად, 22 მაისს ქართული ოცნების უმრავლესობამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი. თავდაპირველად კანონის მიღებას უსასრულო ვადით აპირებდნენ, თუმცა პროტესტის შემდეგ, გადაწყდა, რომ კანონი 15 ივლისამდე იქნება ძალაში.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კანონს იმ დღესვე, ერთი საათის შუალედში მოაწერა ხელი და კანონი ძალაში შევიდა. 23 მაისს, 00:00 საათზე საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2 თვის განმავლობაში მოქმედებდა, გაუქმდა. 

სწორედ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე კი, მთავრობამ რიგი შეზღუდვები ძალაში დატოვა. 

კომენტარები