სესხების მომსახურების გადავადება

ვინც სამსახური დაკარგა, სესხის მომსახურება კიდევ სამი თვით გადაუვადდება

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა, სესხების მომსახურება კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ საბანკო სექტორთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო:

"კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა.

ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდეგს - ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა", - ამბობს პრემიერი.

ამასთან, გიორგი გახარიას თანახმად, "ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს", საკრედიტო პროცენტის გადახდა სამი თვით გადაუვადდება.

"ეს ყველაფერი მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია", - ამბობს პრემიერი.

კომენტარები