კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილია Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვით მე-3 ადგილზეა, პიკს რამდენიმე კვირაში ელიან

ჟაირ ბოლსონარო
EPA

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს მიაღწია, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ პიკი რამდენიმე კვირაში დადგება.

ქვეყანაში ვირუსით დაავადების 293 357 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ტესტირების ნაკლებობის გამო სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. დაიღუპა 18 894 ადამიანი.

დაავადებულთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა და მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს ჩამორჩება.

ვირუსით ყველაზე მეტად ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქი სან-პაულუ დაზარალდა. 20 მაისს ქალაქში 5-დღიანი დასვენება გამოაცხადეს, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. ქალაქის მერმა თქვა, რომ დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო ჯანდაცვის სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლება. მისი თქმით საავადმყოფოებმა შესაძლებლობის 90%-ს მიაღწიეს და მალე პაციენტების მისაღებად ადგილი აღარ ექნებათ.

ქალაქში ვირუსი 20 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 3 000-ზე მეტი ადამიანი.

ქალაქის ხელმძღვანელობას კარანტინის ზომების გამკაცრება სურს, პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კი წინააღმდეგია და ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდებს შეამსუბუქონ ზომები და გახსნან ეკონომიკა.

გასულ კვირას ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ თაიჩი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან კორონავირუსის საკითხზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა. ის მინისტრის პოსტს თვეზე ნაკლები იკავებდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოლსონარომ დაითხოვა.

ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტს კორონავირუსის სამკურნალოდ მალარიის პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის ფართოდ გამოყენების საკითხზე არ ეთანხმებოდა.

მათი შეხედულებები განსხვავდებოდა ეკონომიკის გახსნის საკითხზეც. გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სპორტული დარბაზების, სილამაზის სალონები და ბიზნესების გახსნის ბრძანება მასთან კონსულტაციის გარეშე გასცა.

ბოლსონარო კვლავ მხარს უჭერს პლაქვენილის გამოყენებას:

"რა არის დემოკრატია? თუ არ გსურთ, ნუ მიიღებთ. არავინ გაძალებთ ქლოროქვინის მიღებას. ვინც სწორ მხარესაა მიიღებს მას, ვინც არა Tubaína (ბრაილიაში პოპულარული გამაგრილებელი სასმელი) დალიოს", - თქვა მან.

ამჟამად ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დროებით ედუარდო პაზუელო, არმიის მოქმედი გენერალი იკავებს. მან რჩევები გამოსცა, რომელშიც კორონავირუსის წინააღმდეგ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებაც შედის.

კომენტარები