კორონავირუსი საქართველოში

იმერეთის რწმუნებული: ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა

ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა. მისივე ინფორმაციით, მძღოლი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მისი კონტაქტებიც ცნობილია. 

"ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია, რამდენიმე ადამიანთან იყო კონტაქტი გადაადგილების დროს, როდესაც ჩამოვიდა ზესტაფონში. ყველა ადამიანი იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასე რომ, კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს", - ამბობს რწმუნებული. 

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ირაკლი გოგინავას ცნობით, ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. 

20 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 713 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 475 და გარდაიცვალა 12 პაციენტი. 

კომენტარები