ჩეხეთი - რუსეთი

ლავროვი პრაღაში საბჭოთა მარშალის ძეგლის აღებაზე: ძეგლი ხელახლა უნდა დადგან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, თქმით, ჩეხმა მაღალჩინოსნებმა საბჭოთა მარშალის, ივან კონევის, ძეგლი პრაღაში კვლავ უნდა დადგან. 

მან ჩეხეთის ოფიციალური პირებს მოუწოდა, ახსნან თავიანთი "ბავშვური" საქციელი და 1993 წლის რუსეთი-ჩეხეთის მეგობრული ურთიერთობების შეთანხმების "უხეში დარღვევა".

"მე ვფიქრობ, ეს ბავშვური ახსნაა, რადგან ამ ძეგლის შენარჩუნების უზრუნველყოფა ჩეხეთის სახელმწიფოს აკისრია," - განაცხადა ლავროვმა ჩეხეთის განმარტებაზე, რომ ძეგლის აღების გადაწყვეტილება პრაღის მერმა მიიღო.

3 აპრილს პრაღაში საბჭოთა კავშირის მარშალის ივან კონევის ძეგლი აიღეს. კონევს ძეგლი ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის დროს, 1980 წელს აღმართეს.

"მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟს რუსული მხარის შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ," - ასე გამოეხმაურნენ რუსეთის საელჩოში ძეგლის აღებას.

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა რუსეთს მარშალ კონევის ძეგლის გადაცემაზე.

პრაღაში საბჭოთა მარშალის ძეგლის აღების შემდეგ მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს თავს დაესხნენ.

27 აპრილს პრაღის მერმა ზდენიეკ ჰრიბმა დაადასტურა, რომ "სასიცოცხლო რისკის" გამო მას პოლიცია იცავს. მისი თქმით, პოლიცია, უკვე რამდენიმე კვირაა, ინფორმირებულია საფრთხის შესახებ, თუმცა ჰრიბი არ ამბობს, რა საფრთხეზეა საუბარი და უკავშირდება თუ არა ეს ჩეხურ პრესაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთი მის მოწამვლას გეგმავდა.

მარშალი ივან კონევი წითელ არმიას უძღვებოდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1945 წლის 9 მაისს შევიდა. კონევი 1956 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა, 1961 წელს ბერლინის კედლის მშენებლობის დროს ის აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარს ხელმძღვანელობდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ კონევი 1968 წელს პრაღის გაზაფხულის დროს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ძალების შემოჭრის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა. 

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ცენტრიდან წითელი არმიის ჯარისკაცის ძეგლი აიღეს. გადაწყვეტილებას ტალინში პროტესტი მოყვა. ამავე წელს რუსეთმა ესტონეთზე კიბერიერიში მიიტანა.

კომენტარები