ჩეხეთი - რუსეთი

პრაღაში საბჭოთა მარშალის ძეგლს აიღებენ, ვინც ქალაქში წითელ არმიას შემოუძღვა

Euractiv

12 სექტემბერს პრაღის საოლქო ასამბლეის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირის მარშალის ივან კონევის ძეგლს აიღებენ.

მარშალი ივან კონევი წითელ არმიას უძღვებოდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1945 წლის 9 მაისს შევიდა. კონევი 1956 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობაში მონაწილოებდა, 1961 წელს ბერლინის კედლის მშენებლობის დროს ის აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარს ხელმძღვანელობდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ კონევი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ძალების შემოჭრის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა. 

კონევს ძეგლი 1980 წელს დაუდგეს.

ძეგლი გასულ წლებში არაერთხელ დააზიანეს, შეასხეს საღებავი და ა.შ. ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოს ზემანმა, რომელიც პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა, თქვა, რომ კონევის ძეგლი ადგილზე უნდა დარჩენილიყო.

რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ პრაღის მერს ონდრეი კოლარს ძეგლის აღების შეთავაზებისთის ნაცისტი უწოდა. კოლარის გადაწყვეტილების შემდეგ მერს და მის ოჯახს სიკვდილით ემუქრებიან. საოლქო ასამბლეაში ხმისმიცემამდე მერმა განაცხადა, რომ ის აფასებდა კონევის როლს "პრაღის გათავისუფლებაში".

"პრაღამ დაიყწო კამპანია, რაც წითელი არმიის ჯარისკაცების, ჩეხებისა და სლოვაკების, რომლებიც ჩეხოსლოვაკიის და მისი დედაქალაქის ნაციზმისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ხსოვნას შეურაცხყოფს," - 12 სექტემბერს განაცხადეს პრაღაში რუსეთის საელჩოში. 

2007 წელს ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ცენტრიდან წითელი არმიის ჯარისკაცის ძეგლი აიღეს. გადაწყვეტილებას ტალინში პროტესტი მოყვა. ამავე წელს რუსეთმა ესტონეთზე კიბერთავდასხმა განახორციელა. 

ე.წ. პრაღის გაზაფხული ჩეხოსლოვაკიის დემოკრატიული გარდაქმნების პირველ ცდა იყო, რომლებსაც ადგილობრივი რეფორმატორები ალექსანდრე დუბჩეკის მეთაურობით ედგნენ სათავეში. ამ ქმედებას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიხილავდნენ, როგორც მუქარას მთელი სოციალისტური ბანაკისადმი. იმის შიშით, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილების დამხობა და მისი გამოსვლა ვარშავის ხელშეკრულებიდან სხვა სახელმწიფოებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებდა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, 1968 წლის 21 აგვისტოს თავისი ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეეყვანა.

1956 წლის უნგრეთის მოვლენების შემდეგ ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ცდა, ძალის გამოყენებით ჩაეხშო დემოკრატიული გარდაქმნები სოციალისტური ბანაკის შიგნით. ეს მოვლენები თვითონ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ განვითარებაზე აისახა და საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია.

კომენტარები