იტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა აღდგება

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 ივნისს იტალიაში საერთაშორისო მოგზაურობა განახლდება.

ამავე დღეს იტალიის შიგნით აღდგება თავისუფალი გადაადგილება.

ქვეყნის ზოგიერთ რეგიონს ზომების უფრო სწრაფად შემსუბუქება სურდა, თუმცა, პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ინფიცირების მეორე ტალღის ასაცილებლად, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს.

21 თებერვლიდან ამ დრომდე იტალიაში ახალი კორონავირუსით 31 610 ადამიანი გარდაიცვალა, აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ, ყველაზე ბევრი.

იტალიაში ვირუსის გავრცელების გამო მარტში შეზღუდვები დააწესეს. ქვეყანაში ზომების შემსუბუქება 4 მაისიდან პარკებისა და ქარხნების გახსნით დაიწყეს.

18 მაისიდან მაღაზიები გაიხსნება და ზოგიერთ რეგიონებში გადაადგილება აღდგება. 

ივნისიდან ეკონომიკის ყველა სხვა სექტორი ამოქმედდება. პარალელურად, ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენლები სიტუაციას გააკონტროლებენ. ამჟამად მაღაზიები და რესტორნები ხელახლა გახსნისთვის ემზადებიან, სოციალური დისტანციის და ჰიგიენის წესები მკაცრად დაცული იქნება.

იტალიაში ახალი ვირუსით დაინფიცირების 223 885 შემთხვევა გამოვლინდა, 120 205 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები