ფილმის BACK TO THE FUTURE შემქმნელებმა და მსახიობებმა ონლაინ შეხვედრა მოაწყვეს

NME

თვითიზოლაციის პირობებში ამერიკელი კომიკოსი ჯოშ გადი ცნობილი ფილმების შემქმნელებთან ყოველკვირეულად ონლაინ შეხვედრებს აწყობს.

ამჯერად გადის ზუმ კონფერენციაში საკულტო ტრილოგიის Back To The Future შემქმნელები და მსახიობები მოხვდნენ.

თავდაპირველად ტრილოგიის შესახებ მთავარი როლის შემსრულებლებმა კრისტოფერ ლოიდმა, მაიკლ ჯეი ფოქსმა და ლეა ტომპსონმა ისაუბრეს. განხილვას სცენარის ავტორი ბობ გეილი და რეჟისორი რობერტ ზემეკისი შეუერთდნენ. ზუმის კონფერენციას მოგვიანებით მსახიობები ელიზაბეტ შუ და მერი სტინბერგენი, კომპოზიტორი ალან სილვესტრი და მუსიკოსი ჰიუ ლიუსი(მისი სიმღერა პირველი ნაწილის მთავარი საუნდტრეკია) დაემატნენ. მოწვეული სტუმარი კი, პროდიუსერი და რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი გახდა, რომელმაც აღიარა, რომ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია.

2018 წელს ამერიკული გამოცემების THR და Morning Consult გამოკითხვაში მრავალმა ადამიანმა "უკან მომავალში"-ს რიმეიქის ან სიქველის გადაღებას მხარი დაუჭირა. გამოკითხულთა 71%-მა აღნიშნა რომ ფრენჩაიზის განახლების მომხრეა.

გეილის და ზემეკისის განცხადებით, ახალი ფილმის გადაღების აზრს ვერ ხედავენ და მათ სიცოცხლეში Back To The Future ხელუხლებელი დარჩება.

კომენტარები