საარჩევვნო შეთანხმება

მინდიაშვილი სირცხვილიას: უაზრობაა ოპოზიციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება

აჭარის ტელევიზია

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, "ძალიან რბილად რომ ვთქვა, უაზრობაა ახლა ოპოზიციური პარტიებისთვის რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრება ივანიშვილის ქცევის გამო, ხელშეკრულების ფაქტობრივად ჩაშლის გამო, ისევე როგორც სისულელე იყო ოპოზიციისკენ თითის გაშვერა 20 ივნისის დარბევისა და შემდეგ, პროპორციულის ჩაშლის გამო". ის მოძრაობა სირცხვილიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ბევრი შიდა პრობლემა აქვს, თუმცა, ახლა მათზე თავდასხმა ივანიშვილის დამარცხების შანსს ასუსტებს.

"ბოლო პერიოდში გამორჩეულად ეფექტური იყო ოპოზიციის მოქმედება მაშინ, როდესაც ყველა ჯგუფი, ყველაზე პრინციპულ საკითხებზე საერთო პოზიციების შემუშავებას ახერხებდა. ამის გარეშე, როგორც ჩანს, ყველაფერი, მთელი ეს შრომა, ეს საერთაშორისო მხარდაჭერა, წყალში გადაიყრება" - წერს მინდიაშვილი Facebook-ზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბრიფინგის შემდეგ, მოძრაობა სირცხვილიამ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ "ხელისუფლების გადამგდები ბუნების გათვალისწინებით", ოპოზიციას უნდა ეზრუნა იმაზეც, რომ "ქართულ ოცნებას შეთანხმების სათავისო ინტერპრეტაციების საშუალება არ მისცემოდა". სირცხვილიას არ მოსწონს, რომ "როდესაც წარმატების მეტი პერსპექტივა იყო, მაშინ აჩვენებდით ერთიანობას და მოქმედებდით კოორდინირებულად, ხოლო განსაცდელში ისევ დანაწევრდით და საკუთარი ანტიკრიზისული გეგმებით წარსდექით ფრუსტრირებული საზოგადოების წინაშე".

"ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა მადლიერია იმ ძალისხმევისთვის, რაც საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა გასწია მარტის შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ამავდროულად არ დაგვიმალავს ჩვენი კატეგორიული პოზიცია სრულად პროპორციული არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის მიმართ" - აღნიშნავს მოძრაობა სირცხვილია.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. თალაკვაძემ დიპლომატებს მიმართა, განმარტონ შეთანხმების შინაარსი.

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა ერთობლივი განცხადება იმავე საღამოს გაავრცელეს. ისინი 8 მარტის მემორანდუმის ხელმომწერებს მოუწოდებენ, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი. საელჩოების განცხადებით, მემორანდუმის ერთი ნაწილი "ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს". ელჩებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ, 8 მარტს გაფორმდა. 

შეთანხმების ხელმოწერის დღიდან, ოპოზიცია განმარტავს, რომ მემორანდუმი ორ ნაწილიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები