ატლანტიკური საბჭო

ბუზიაშვილი: რუსი სამხედროებისთვის ტექნიკის აკრძალვით ღია წყაროების ანალიზს ვერ შეაჩერებენ

ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის ასოცირებული მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი
Pontus Wallstén / Facebook/ Eto Buziashvili

ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიის (DFRLab) ასოცირებული მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი Facebook-ზე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სმარტფონებისა და სხვა ისეთი მოწყობილობების ტარება აუკრძალა, რომლითაც ნებისმიერი სახის ინფორმაციის ჩაწერა-შენახვა და ადამიანის მდებარეობის დადგენაა შესაძლებელი. 

ბუზიაშვილი პუტინის ამ გადაწყვეტილებას იმ ორგანიზაციებს უკავშირებს, რომლებიც ღია წყაროების ანალიზით ცდილობენ, დაადგინონ, სად არიან რუსი სამხედროები და იტყუება თუ არა რუსეთის ფედერაცია. 

"ეს გადაწყვეტილება ორ რამეს ნიშნავს: 1. ღია წყაროების ანალიზი და მათზე დაყრდნობით გამოძიების ჩატარება მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა; 2. პუტინი გააგრძელებს ომის დანაშაულების ჩადენას ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ", - წერს ბუზიაშვილი. 

ბუზიაშვილის თქმით, DFRLab, ისევე, როგორც გამოძიებო ჟურნალისტური ორგანიზაცია Bellingcat წლებია, ადგენენ რუსი ჯარისკაცების ადგილმდებარეობას ისეთ შემთხვევებში, როდესაც რუსეთი უარყოფს, რომ მისი ჯარისკაცები ამა თუ იმ ქვეყანაში იყვნენ. მკვლევარის განმარტებით, ასეთ შემთხვევებში ისინი აანალიზებენ რუსი ჯარისკაცების მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტო-ვიდეო მასალას, იყენებენ სატელიტურ მონაცემებსა და სხვა ინსტრუმენტებს. 

"კრემლის მრავალი უარყოფის მიუხედავად, ღია წყაროების ანალიზით დადგინდა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ეს სამამულო ომი არ იყო. ღია წყაროების ანალიზით დადგინდა, რომ რუსი ჯარისკაცები არიან სირიაში, ვენესუელაში. ღია წყაროების ანალიზით დადგინდა, რომ ГРУ და ФСБ ცდილობდა დასავლეთის ქვეყნებში ადამიანების მოწამვლას (მათ შორის, სკრიპალების და ხანგოშვილის). ეს ადამიანები ტოვებენ ციფრულ კვალს - ან ლოკაცია რჩებათ ჩართული, ან შემთხვვეით რაიმე ფოტოს ატვირთავენ სოციალურ ქსელში, რაც ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას გვაძლევს და ა.შ.", - წერს ბუზიაშვილი. 

მისი თქმით, კრემლი ფიქრობს, რომ DFRLab-სა და სხვა ორგანიზაციებსა და ღია წყაროებზე მომუშავე ანალიტიკოსებს რუსეთში მსგავსი კანონების შემოღებითა და ჯარისკაცებისთვის აკრძალვების დაწესებით შეაკავებს. 

"არანაირად შეგვაჩერებს ეს კანონი რუსეთის მიერ ჩადენილი ომის და სხვა დანაშაულების გამოაშკარავებისგან. თან არ იმუშავებს ეს კანონი იმიტომ, რომ ძალიან უყვართ კრემლის ჯარისკაცებს სელფების იმ ქვეყნებში გადაღება, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წესით, არ უნდა იმყოფებოდნენ", - წერს ეთო ბუზიაშვილი. 

6 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რითიც რუსეთის შეიარაღებული ძალის წევრებს აუკრძალა სამსახურში ისეთი ელექტრონული მოწყობილობების და აპარატების ტარება, რითიც შესაძლებელია ინფორმაციის ჩაწერა. განკარგულების მიხედვით, სამხედრო პერსონალს არ შეეძლება, ატაროს აპარატი, რითაც შესაძლებელია ადგილმდებარეობის აღრიცხვა, აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალების გაგზავნა.

რუსი სამხედროები სმარტფონების საშუალებით სოციალურ ქსელებში აზიარებენ სურათებსა და ვიდეობს, რითაც სამხედრო ძალების ადგლსამყოფელის, გადაადგილებისა და ზოგჯერ აღჭურვილობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება. ბოლო წლებში ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას მედია წარმატებით იყენებდა და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც არაერთი გამოძიება ჩატარებულა. ონლაინ გავრცელებული მასალები ასევე ამხელდა და ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებებს სირიასა და უკრაინაში მათი სამხედროების ყოფნისა და ქმედებების შესახებ.

მაგალითად, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაში რუსეთის პასუხისმგებლობის მამხილებელ მასალაში უამრავი ღია წყარო გამოიყენეს - მათ შორის სოციალური მედიაში არსებული მსგავსი პოსტები.

ამ გზით, ზოგჯერ ადამიანთა უფლებების აქტივიტებიც იღებდნენ ინფორმაციას რუსულ ჯარში ახალგაზრდების რეკრუტირებაზე.

კომენტარები