აშშ-ირანი

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედების თავისუფლების შემზღუდავ რეზოლუციას ვეტო დაადო

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მას ირანის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებების თავისუფლებას უზღუდავდა.

ტრამპმა მას შეურაცხმყოფელი რეზოლუცია უწოდა და თქვა, რომ ამ რეზოლუციით დემოკრატები ცდილობენ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რესპუბლიკურ პარტიაში განხეთქილება შეიტანონ.

თეთრი სახლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მსგავსი უვადო შეზღუდვა საჭირო არ არის და საშიშია.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს კონგრესის ორივე პალატაში. სენატში რეზოლუციას მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა, 45-მა სენატორმა რეზოლიციის წინააღმდეგ მისცა ხმა. სენატში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ფლობს, შესაბამისად, რეზოლუციას მხარი ტრამპის თანაპარტიელებმაც დაუჭირეს. აქტის მიხედვით, დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ  ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დასაწყებად კონგრესის თანხმობა დასჭირდებოდა, თუმცა ეს საჭიროება მოიხსნებოდა თუ იქნებოდა აშშ-ზე თავდასხმის მომენტალური საფრთხე.

რეზოლუცია მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა გავლენიანი ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა. ამის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა.

გასულ თვეს ტრამპმა თქვა, რომ ამერიკის ფლოტს უფლება მისცა, ნებისმიერ ირანულ ნავს გაუხსნას ცეცხლი, რომელიც მათ შეავიწროებს. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 15 აპრილს, სპარსეთის ყურეში, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 11 ნავი აშშ-ის ნავებს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა.

კომენტარები