თბილისის მერია

კალაძემ ვიცე-მერს საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 6 მაისს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის ვიცე-მერს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა.

კალაძის თქმით, ამ გზით, არსებული კრიზისის ფონზე, დედაქალაქის მთავრობამ დამატებითი სახსრების მოძიება უნდა შეძლოს.

"ჩვენ მოგვიწევს გაასმაგებული შემართებით მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმ იმ მდგომარეობამდე დავბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. მოგვიწევს უფრო თავდაუზოგავი, 24-საათიანი მუშაობა, რომ არსებული სიტუაცია გამოსწორდეს.

მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოიძიოს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ნაგულისხმევია არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ "ნებისმიერი ტიპის აქტივი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება და ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და მეორე მხრივ, გაზრდის კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობებს".

როგორც კალაძე ამბობს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პრივატიზაცია დროებით შეწყვეტილი იყო, თუმცა მერია დღეიდან ამ მიმართულებით მუშაობას დაიწყებს, რათა მოგვარდეს პრობლემები შემოსავლების ნაწილში.

კომენტარები