მედპერსონალის ინფიცირება

გაბუნია: 77 ექიმი/ექთანი დაინფიცირდა, შეიძლება, გადაღლისას ნიღაბი არასწორად გამოიყენეს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 77 წარმომადგენელი დაინფიცირდა. მისივე თქმით, მათი ინფიცირება ეკიპირების სიმცირეს არ უკავშირდება.

"77-ია პერსონალის ინფიცირება, ზოგადად, მთლიანად ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ პირადი დაცვის საშუალებების შეუზღუდავი რაოდენობაა, როგორც ჩანს, გამოყენების დროს მაინც შეფერხებებია. შეიძლება, გადაღლის დროს ექიმმა, ან სხვა მედპერსონალმა, არასწორად გამოიყენოს ნიღაბი, ან რომელიმე სხვა დაცვის საშუალება და ამიტომ საჭიროა ტრენინგები. ეკიპირებაში ნამდვილად არ გვიჭირს. პირველი დღიდან საკმარისი მარაგი, გასულ კვირას დიდი პარტია ჩამოვიდა", - თქვა გაბუნიამ ფორმულასთან ინტერვიუში. 

დღეს, 5 მაისს, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ხვდებიან. ბოლო, 1 მაისის მონაცემებით, COVID-19 სასწრაფო დახმარების 25 თანამშრომელს აქვს დადსტურებული, მათგან 21 კი ბოლნისის სასწრაფოს ექიმია.  

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების რიცხვი საგანგაშოა და მათ ეკიპირება და ტრენინგი აკლიათ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები