ნავთლუღის ბაზარი

"ადმინისტრაციასაც ეშინია" - მოვაჭრეები ნავთლუღის ბაზრის გახსნას ითხოვენ

მთავარი არხი

მოვაჭრეები ნავთლუღის ბაზრის გახსნას ითხოვენ. ისინი ბაზრის გახსნას დღეს, 5 მაისის დილიდან ელოდებოდნენ, თუმცა, ადმინისტრაციის პოზიცია მათთვის ჯერაც უცნობია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აგრარული ბაზრები 27 აპრილიდან უნდა გახსნილიყო. თუმცა, მოვაჭრეებმა მთავარ არხს უთხრეს, რომ ადმინისტრაციას ჯარიმის ეშინია და ბაზარში მუშაობა ამ დრომდე ამიტომ არ აღადგინა.

მოვაჭრეების თქმით, ისინი მზად არიან, ადმინისტრაციას მაქსიმალურად დაეხმარონ და ყველა წესი დაიცვან, ოღონდ მუშაობის უფლება მიიღონ.

"რითი ვარსებობთ 6-სულიანი ოჯახი, არავინ კითხულობს. მე ყველაფერს გავაკეთებ, დისტანცია, სისუფთავე, არც ისე მესწავლება, მაგრამ მაინც. დანარჩენი, შეამსუბუქონ ჯარიმების სიტუაცია, რომ არც ადმინისტრაციას ეშინოდეს, არც მოვაჭრეს, დანარჩენს ყველაფერს გავაკეთებთ. თუ არ გაგვხსნიან, დამშეული ხალხი იმ ზომამდე მივალთ, რომ მიტინგებს მოვაწყობთ. პატრული კი ვერ გადაკეტავს, მოვაჭრე და ძალიან დიდი ძალა ვართ. არც კომენდანტის საათი უშველის და არც საგანგებო მდგომარეობა", - უთხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ მთავარ არხს.

"პატარა შვილიშვილი მყავს და სახლში რა მივიტანო, იმას ვფიქრობ. კაპიკი ფული არ მაქვს, იმას ვითხოვთ, რომ ბაზარი რამენაირად გაიხსნას. ამხელა ჯარიმები რომ არის დაწესებული, დირექციასაც ეშინია და არ ხსნის და მე ამხელა, 15 000-იან ჯარიმას ჩემი სოკოებით და თევზებით ვერ გადავიხდი",- უთხრა მთავარ არხს ხათუნა კოპალეიშვილმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა და 22 მაისს უნდა დასრულდეს. სუპერმარკეტების, აფთიაქების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების გარდა ყველა ობიექტი დაიკეტა. 24 აპრილს გახარიამ ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნის გეგმა წარმოადგინა.

კომენტარები