ახალი კორონვირუსი

ენმ გიორგი გახარიას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე იბარებს

მთავარი არხი

ნაციონალური მოძრაობა პრემიერმინისტრ გახარიას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე იბარებს.

პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზეზით მიღებული ზომების გამო ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა. ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მეტად მოწყვლად ჯგუფებს შეეხო, ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი დახმარების გეგმა კი სინამდვილეში პარტიული აქტივის და მათთან დაკავშირებული ბიზნესების ფულით უზრუნველყოფის სქემაა.

"პარლამენტში ულუკმაპუროდ დარჩენილი მოქალაქეების ხმა არ ისმის. პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა პრაქტიკულად გააუქმა.

იმისთვის, რომ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მას ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს.

ორჯერ, როცა ენმ-მ გახარია პარლამენტში დაიბარა, ის არ მობრძანდა, გამოაგზავნა მხოლოდ წარმომადგენელი. ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს, მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს შეკითხვებს პასუხები. არმოსვლის შემთხვევაში ის კიდევ ერთხელ დაარღვევს კონსტიტუციას, კიდევ ერთხელ ეტყვის საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომ არ აინტერესებს მათი გაჭირვება; არმოსვლით გახარია იტყვის, რომ ქართულ ოცნებას ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, რომლითაც მხოლოდ პრივილეგირებული კასტა სარგებლობს, იმ ვალით, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ, სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნია", - თქვა ბოკუჩავამ.

პარტია გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ელის.

კომენტარები