დონორების კონფერენციაზე კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად 7 მილიარდი ევრო შეგროვდა

დონორების საერთაშორისო ონლაინ-კონფერენციის პირველ დღეს Covid-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად 7,4 მილიარდი ევრო შეგროვდა. ამის შესახებ კონფერენციის დასრულების შემდეგ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. 

"რამდენიმე საათში ჩვენ შევძელით 7,4 მილიარდი ევროს შეგროვება, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას დაავადების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მოხმარდება. შეგროვებული თანხა უპრეცედენტო გლობალური თანამშრომლობის დასაწყისია" — განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

კონფერენციის გახსნამდე, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ ვაქცინის შესაქმნელად და მკურნალობის მეთოდის გასაუმჯობესებლად ევროკავშირი 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. მანამდე, 24 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დონორების კონფერენციის მიზნებზე ისაუბრა. 

"4 მაისს ჩვენ დონორების საერთაშორისო კონფერენციას გავმართავთ. ღონისძიების მიზანია, გავაერთიანოთ მსოფლიოს ლიდერები, რათა ერთად დავამარცხოთ ვირუსი", — ამბობდა ფონ დერ ლეიენი. 

ევროკავშირის გარდა კონფერენციას ორგანიზებას ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი უწევდა.

კომენტარები