კორონავირუსი საქართველოში

გიორგაძე: წყალტუბოში ქალს ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტით covid 19 დაუდასტურდა

წყალტუბოში ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტით ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ერთერთი ინფიცირებულის კონტაქტია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგაძის თქმით, აღნიშნული სავარაუდო შემთხვევაა და ქალის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.  

"ანტისხულებზე გვაქვს დადებითი პასუხი, რაც სავარაუდო შემთხვევაა და რჩება სავარაუდო შემთხვევად. ქალბატონი არის ერთერთი შემთხვევის კონტაქტი. სხვადასხვა კონტაქტები აქვს", - ამბობს გიორგაძე მთავარ არხთან საუბარში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინფიცირებული ქალი წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარია. 

სათნოების სახლის დირექტორი აცხადებს, რომ ქალის ინფიცირებაზე ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, კორონავირუსზე ყველა თანამშრომელი და მოხალისე დაიტესტა და ყველას პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, ბენეფიციარებსაც ეტაპობრივად ჩაუტარდებათ ტესტირება. 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, ქალის კონტაქტები საკმაოდ მასშტაბურია. მისისვე თქმით, ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე, ზომების გამკაცრება საჭირო არ არის. 

3 მაისის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა. 

კომენტარები