გლდანის აგრარული ბაზარი

გლდანში აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება გაიხსნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს რეკომედაციის გათვალისწინების შემდეგ, გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამ მუშაობა განაახლა.

სააგენტოს ინფორმაციით, ბაზრის შესასვლელში მობილიზებული პერსონალი შემავალი ავტომობილების დეზინფექციასა და მომხმარებლების დამცავი საშუალებებით აღჭურვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ტარდება თერმოსკრინინგი და უზრუნველყოფილია დისტანციის დაცულობა.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, ბაზრის საცალო ნაწილში ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავება და ნარჩენების გატანა მიმდინარეობს.

ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო. ეს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებაა. თუმცა, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, ქვეყანაში არაერთი ბაზარი ამ დრომდე ვერ გაიხსნა.

კომენტარები