ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის საზღვართან ორმხრივი სროლა იყო, დაშავებული არავინაა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში (DMZ) ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ორმხრივი სროლა იყო.

სამხრეთ კორეის ოფიციალური განცხადების თანახმად, ადგილობრივი დროით 07:41-ზე, ჩრდილო კორეულმა მხარემ სამხრეთელების საგუშაგოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

რასაც, სამხრეთელების თანახმად, პასუხად მოჰყვა "ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლა და გამაფრთხილებელი განცხადება ინსტრუქციის მიხედვით".

სროლის შედეგად დაშავებული არავინაა.

უცნობია, თუ რა გახდა პირველი გასროლის მიზეზი. როგორც სამხრეთ კორეის წარმომადგენლები აცხადებენ, ცდილობდნენ, სპეციალური ცხელი ხაზის გამოყენებით ჩრდილოეთის წარმომადგენლებს დაკავშირებოდნენ, რათა ინციდენტის მიზეზი გაერკვიათ.

ბოლო ხუთ წელიწადში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთს პირდაპირ პირველად ესროლა. საზღვარზე უკანასკნელი ინციდენტი 2017 წლის ნოემბერში მოხდა, როცა ჩრდილოელმა ჯარისკაცმა საზღვარი გადაკვეთა და სამხრეთში გაიქცა.

კომენტარები