კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: ერთი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციაშია გადაყვანილი

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის, ცნობით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 63 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტი საყურადღებოა, ერთის მდგომარეობა კი - მძიმეა. 

"მძიმე პაციენტს არ აქვს არც ჭარბი წონა, არც სტაბილური ანამნეზი. ასაკობრივადაც არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადაიყვანეს რეანიმაციაში. თითქმის ერთი კვირაა, მკურნალობს. ის თავს გრძნობს მდგომარეობის შესაბამისად", - თქვა სოლოღაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი ჰყავს, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

"არის ორი მოზარდი, ორი დედა-შვილია. ერთი დედა-შვილი გორიდანაა, მეორე დედა-შვილის ოჯახის წევრები ჩვენთან მკურნალობდნენ, ცნობილი კლასტერია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ამბობს სოლოღაშვილი ახალ პაციენტებზე. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 376 აქტიური შემთხვევის გარდა საქართველოს კლინიკებში დამატებით 3 ადამიანი მკურნალობს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, უცხოეთში დაინფიცირდნენ და ამის შემდეგ გადმოიყვანეს საქართველოში. 

კომენტარები