გერმანია

გერმანიაში ჰეზბოლა აიკრძალა, რეიდები ჩატარდა ჰეზბოლასთან ასოცირებულ მეჩეთებსა და ცენტრებში

Reuters

გერმანიაში ისლამისტური მოძრაობა ჰეზბოლა აიკრძალა. პოლიციამ რეიდები ჩაატარა რამდენიმე მეჩეთსა და ცენტრში, რომლებიც დაჯგუფებასთან იყვნენ დაკავშირებული.

ამ დრომდე დაჯგუფების პოლიტიკურ ფრთას გერმანიაში მოქმედების უფლება ჰქონდა. აკრძალული იყო მხოლოდ მათი სამხედრო ფრთა. ჰეზბოლას გერმანიაში 1,000-მდე აქტივისტი ჰყავდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა შიიტური დაჯგუფების კავშირი თავდასხმებთან, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"კრიზისის დროსაც კი კანონის უზენაესობა დაცულია," - თქვა მან.

რეიდები ჩატარდა 4 მეჩეთსა და 4 ასოციაციაში, რომლებიც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჰეზბოლას ქვე-ჯგუფებად მიიჩნევიან. რეიდები იყო როგორც დედაქალაქ ბერლინში, ასევე ბრემენში, დორტმუნდში და მიუნსტერში.

ისრაელი გერმანიის ამ ნაბიჯს მიესალმება და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მსგავსი ზომების მიღებისაკენ მოუწდებს. ისრაელის საგაერო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ნაბიჯი შეაფასა, როგორც "მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტერორიზმის წინააღმდეგ."

ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთა ლიბანის პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობს და მოქმედი მთავრობის მხარდამჭერია. დაჯგუფებას აშშ და ისრაელი არაერთ ტერორისტულ თავდასხმაში ადანაშაულებს.

ევროკავშირში მათი სამხედრო ფრთა ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი, თუმცა არა მათი პოლიტიკური ფრთა. დიდმა ბრიტანეთმა 2019 წელს გამოაცხადა, რომ მათ შორის განსხვავებას აღარ აღიარებდა და დაჯგუფება სრულად აკრძალა. ჰეზბოლას მოქმედება აკრძალულია ნიდერლანდებში, იაპონიაში, აშშ-სა და კანადაშიც.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი აცხადებს, რომ ჰეზბოლას პოლიტიკურ ფრთასთან კონტაქტს განაგრძობენ. მისი თქმით, ლიბანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რომელი პოლიტკური ძალა წარმოადგენს მათ.

კომენტარები