კორონავირუსის ტესტები

ინდოეთმა ჩინეთიდან კორონავირუსის ტესტების შეკვეთა გააუქმა, რადგან ისინი დეფექტური აღმოჩნდა

ინდოეთმა ჩინეთიდან კორონავირუსის 500 000 ტესტის შეკვეთა გააუქმა მას შემდეგ, რაც ისინი დეფექტური აღმოჩნდა.

ამის გამო ქვეყნის რამდენიმე შტატიდან უკვე დარიგებული ანტისხეულების სწრაფი ტესტებიც გამოითხოვეს. ზოგიერთ შტატში განაცხადეს, რომ ტესტების ეფექტიანობა მხოლოდ 5% იყო. ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფი ტესტი ჩაუტარეს იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე დადასტურებული ჰქონდათ ახალი კორონავირუსი, თუმცა სწრაფი ტესტები მუდმივად უარყოფით შედეგს აჩვენებდა.

ჩინეთი უარყოფს, რომ ტესტები დეფექტური იყო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩინური ტესტების ხარისხი და ეფექტიანობა ეჭვქვეშ დადგა.

თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველმა პიტერ ნავარომ კი ჩინეთი კორონავირუსის ანტისხეულების დაბალი ხარისხის და ყალბი ტესტების მიწოდებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ჩინეთი ცდილობს პანდემიისაგან მოგება მიიღოს:

"ჩინეთიდან ანტისხეულების ბევრი ტესტი შემოდის, რომელიც დაბალი ხარისხისაა, მცდარ შედეგს იძლევა...ვერ დავუშვებთ, რომ ჩინეთმა ეს ყალბი ტესტები შემოიტანოს. ეს ძალიან დამანგრეველი იქნება." თქვა მან.

ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-სგან უნდა შეეძინა სწრაფი ტესტები საქართველოსაც, თუმცა კომპანიამ ტესტების უხარისხობის გამო ისინი უკან გაიწვია.

კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის მიერ დამზადებული ტესტები ესპანეთში გამოიყენეს. დასავლური მედიის ნაწილში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტესტების სანდოობა მხოლოდ 30%-ია, რის გამოც ესპანეთმა პრუდქცია უკან დააბრუნა.

ამჟამად ინდოეთში ოფიციალურად დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 29,451 შემთხვევა, დაიღუპა 939 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7,137. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მაღალია, თუმცა იმის გამო, რომ მასშტაბური ტესტირება არ ხდება, ზუსტი მონაცემები არ იციან.

კომენტარები