ჩინელი მეცნიერები: სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსი სეზონური გახდება

ახალი კორონავირუსი ჩინეთში.

ჩინელი მეცნიერების თქმით, ახალი კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება და ის სხვა გრიპის ვირუსების მსგავსად, სეზონური იქნება - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

მეცნიერების ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი კორონავირუსი 17 წლის წინ დაფიქსირებული Sars-ის მსგავსად გაქრეს, რადგან ახალი ვირუსით ინფიცირებულთა ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება. მსგავსი, ასიმპტომური ადამიანები კი ართულებენ ახალი კორონავირუსის გადაცემის ფაქტების გამოვლენას.

Sars-ის შემთხვევაში, ადამიანი სერიოზულად ავად ხდებოდა და კარანტინში მოთავსების შემდეგ, ის წყვეტდა ვირუსის გავრცელებას.

"დიდი ალბათობით, ეს არის ეპიდემია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებთან ერთად იარსებებს, სეზონური გახდება და შენარჩუნდება ადამიანების ორგანიზმში", - თქვა პათოგენური ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორმა, ჯინ ქიმ.

ახალი კორონავირუსის სეზონურობასთან დაკავშირებით, გასულ თვეს ისაუბრა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმაც. მისი თქმით, Covid-19-ის მიერ გამოწვეული დაავადება, შესაძლოა, სეზონური ავადმყოფობა გახდეს.

Bloomgerg-ი ასევე წერს, რომ მიუხედავად ქვეყნების ჩაკეტვისა, რაც გლობალურ ეკონომიკას საკმაოდ ძვირი უჯდება, წამყვანი მკლევარები და მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ახალი კორონავირუსი ბოლომდე მაინც ვერ აღმოიფხვრება.

კომენტარები