ეკონომიკური გეგმა

კალაძე: ოპოზიცია მავნებლობს, თუ ეკონომიკური გეგმა ცუდია, არჩევნებთან როგორ იქნება კავშირში

თბილისის მერია

"აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ", - თბილისის მერი, კახა კალაძე მთავრობის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გეგმაზე ოპოზიციის შეფასებებს ეხმაურება. კალაძის თქმით, ამ თემაზე ოპონენტები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

"ჯერ საუბრები იყო, რომ ეს არის არასწორი გეგმა, ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ზოგადად, ეს არასაკმარისია, თუმცა ამავდროულად საუბრობენ, რომ ეს არის არჩევნებისთვის. თუ არასწორია და ცუდია, მაშინ არჩევნებთან როგორ იქნება კავშირში?!", - ამბობს კალაძე. 

ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის სამართავად მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებიდან 2 დღის შემდეგ წარადგინა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ დახმარება, რაც გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული არასაკმარისია. დღესვე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან იყვნენ დასაქმებულები და შემოსავალი დაკარგეს დახმარებას საერთოდ ვერ მიიღებენ, მაგალითად მძღოლები და ძიძები, რადგან აუცილებელია იმ სახის დოკუმენტის წარდგენა, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული.  

გეგმის ჯამური ღირებულება 3.5 მილიარდ ლარს აღწევს. კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე ერთი თვით ადრე, 26 მარტს ანტიკრიზისული გეგმა ევროპულმა საქართველომაც წარადგინა

კომენტარები