მკვლელობა ყანდაურაში

შსს: კახეთში, სოფელ ყანდაურაში, 2019 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, 2019 წელს მომხდარი მკვლელობისთვის 1 პირი - ნ.გ. დააკავეს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ამავე საქმეზე თავდაპირველად დაკავებული 85 წლის კაცის შვილია.

ყანდაურაში მკვლელობა 2019 წლის 3 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ადამიანი - რძალი, შვილი და მეზობელი დედა-შვილი ურთიერთშელაპარაკებისას 85 წლის კაცმა მოკლა. ასევე, დაჭრა ცოლიც, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუმცა, შემდეგ მას ბრალი დაუზუსტდა და მკვლელობაში დახმარებისთვის ედავებოდნენ. კაცი ამავე წლის სექტემბერში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმეზე დააკავეს მისი შვილიშვილიც - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

85 წლის კაცის შვილზე, დაკავებულ ნ.გ-ზე, ძებნა 2019 წლის 20 ივლისს გამოცხადდა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულის სახლიდან დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები