კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19 სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული

ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული. მათგან 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული ტესტირებით კორონავირუსი 7 მედიკოსს არ დაუდასტურდა. მათივე ცნობით, COVID-19-ზე ტესტი ჯამში სასწრაფო დახმარების 1 000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული.  

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, COVID-19-ზე პერიოდულად მოწმდებიან.  

გუშინ, 23 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 20-მდე ექიმია ინფიცირებული. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

კომენტარები