გერმანია

მერკელი: კორონავირუსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისათვის ყველაზე დიდი გამოწვევაა

ანგელა მერკელი
Reuters

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ კორონავირუსი ევროპის ერთსულოვნებისათვის უდიდესი გამოწვევაა:

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის ყველაზე დიდი გამოწვევაა."

მან თქვა, რომ პანდემია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და გერმანელებს გამძლეობის და დისციპლინისაკენ მოუწოდა. მერკელმა შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ ფედერალური და რეგიონული მთავრობების შეთანხმების შედეგად მიმდინარე კვირას მაღაზიების გახსნის შემდეგ გერმანელები სოციალურ დისტანციას საკმარისად აღარ იცავენ.

"რადგან ოფიციალური მაჩვენებლები იმედის საფუძველს იძლევა, ვალდებულად ვგრძნობ თავს გითხრათ, რომ ეს შედეგები მყიფეა. ჩვენ თხელ ყინულზე ვართ. ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ ტყიდან. ეს პანდემიის ბოლო ფაზა არაა, ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ. წყალში არ უნდა გადავყაროთ ის, რასაც მივაღწიეთ. თუ ჩვენ ყველაზე მაღალი დონის დისციპლინას და გამძლეობას გამოვავლენთ პანდემიის დასაწყისში, ეკონომიკურ, სოციალურ, საჯარო ცხოვრებას უფრო მალე დავუბრუნდებით." თქვა მან.

მერკელმა თქვა, რომ ვირუსის საკითხი დღის წესრიგში მთავარი თემა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება და ევროპამ უნდა გააძლიეროს სამედიცინო ტექნიკის წარმოების შესაძლებლობა და არ იყოს დამოკიდებული გლობალურ მწარმოებლებზე:

"კითხვა, თუ როგორ დავიცვათ თავი იმისაგან, რომ ვირუსმა ჩვენს ჯანდაცვის სისტემებზე დიდი ზეწოლა არ მოახდინოს და უთვალავი ადამიანის სიცოცხლე არ იმსხვერპლოს, კვლავ დიდხანს იქნება გერმანიის და ევროპის პოლიტიკის ყურადღების ცენტრში."

გარდა ამისა, მერკელმა თქვა, რომ საჭიროა ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდა, რათა ბლოკის ეკონომიკურ მდგომარეობას ხელი შეუწყონ. მან თქვა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის შეთავაზება საერთო ვალის აღების შესახებ სწორად არ მიაჩნია:

"ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, დროს წაიღებს და არსებულ სიტუაციაში არავის დაეხმარება... ერთი რამ ნათელია: სოლიდარულობის ნიშნად მზად უნდა ვიყოთ, რომ ძალიან განსხვავებული, ბევრად უფრო მაღალი კონტრიბუციები შევიტანოთ ევროკავშირის ბიუჯეტში." თქვა მან.

23 აპრილს ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის პანდემიის საკითხზე ვიდეოკონფერენციას გამართავენ.

აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის შემდეგ გერმანია კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მეხუთე ადგილზეა, თუმცა ინტენსიური ტესტირების და სხვა ზომების დროულად მიღების წყალობით მათ სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ. გერმანიაში ვირუსი სულ 150,648 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 5,315, გამოჯანმრთელდა 103,300.

შედეგად, გერმანიამ გარკვეული შეზღუვების შემსუბუქება დაიწყო, თუმცა სოციალური დისტანცირების წესები ძალაში 3 მაისამდე რჩება. სკოლების 4 მაისს გაიხსნება. პრიორიტეტი დამამთავრებელ კლასებს მიენიჭება. ამავე დროს გაიხსნება სილამაზის სალონები. მერკელი და გერმანიის მიწების ლიდერები 30 აპრილს შეიკრიბებიან და პროცესების მიმდინარეობას შეაფასებენ.

კომენტარები