მიტანის სერვისი

მიტანის სერვისებს 27 აპრილამდე პროდუქციის ავტომობილით მიწოდება აეკრძალათ

მიტანის (ე.წ დელივერი) სერვისის კურიერებს 27 აპრილამდე პროდუქციის ავტომობილით მიტანა აეკრძალათ.

ტაბულას ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ აკრძალვა დღეიდან, 22 აპრილიდან, შევიდა ძალაში, მთავრობის მიერ საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის გახანგრძლივების ფარგლებში.

კომპანიებმა, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი, მომხმარებლებს დღეს შეატყობინეს, რომ ახალი შეზღუდვის გამო, პროდუქციის მიწოდება რამდენიმე დღით შეფერხდება.

როგორც Glovo-ში ამბობენ, შეზღუდვის გამო კურიერების 30% მუშაობას ვეღარ ახერხებს, მიტანის დრო შესაძლოა გაიზარდოს და არეალი შემცირდეს, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წაიღებენ, ქუთაისში კი მუშაობის შეწყვეტა მთლიანად უწევთ, რადგან იქ მხოლოდ მანქანიანი კურიერები ყავთ.

როგორც ტაბულას ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, 27 აპრილამდე პროდუქციის მიტანა დაშვებულია მხოლოდ ველო-მოტო ტრანსპორტით.

მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევიდა, ნათქვამია, რომ დასაშვებია საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. დელივერი სერვისი).

მთავრობამ ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილიდან აკრძალა, თუმცა 22 აპრილამდე შეზღუდვა მიტანის სერვისის კურიერებზე არ ვრცელდებოდა. 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე რჩება ძალაში.

კომენტარები