კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შესაძლოა ყავის დეფიციტი შეიქმნას

ლათინური ამერიკის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის გავრცელებამ, შესაძლოა, ყავის დეფიციტი წარმოქმნას. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მოსალოდნელი იყო, რომ ყავაზე გლობალური მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებდა, თუმცა დანაკლისის დაფარვა წინა წლის მორჩენილი მოსავლიდან იგეგმებოდა. 

პანდემიის დაწყების შემდეგ, მთელ მსოფლიოში ყავაზე პანიკური შესყიდვები დაიწყო, აშშ-ში მარცვლების მარაგი კი ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებლამდე დაეცა. ლათინური ამერიკის ყავის მწარმოებელ სახელმწიფოებში ვირუსის გავრცელება ახალი მოსავალის აღებას მნიშვნელონად ართულებს. 

ყავის ექსპორტიორ სახელმწიფოებში ვირუსის გავრცელების შემთხვევები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების მაჩვენებელს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბრაზილიაში ამ დროისთვის ვირუსის 31 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, პერუში 12,500, კოლუმბიაში 3,200. 

დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების რისკი მაღალია. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს, ის რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელით იკრიფება. 

Bloomberg-ის ცნობით, ყავის მკრეფავების სამუშაო დაბალანაზღაურებადია და ისინი როგორც წესი მაღალ სიმჭიდროვეში ცხოვრობენ, რაც ერთი ადამიანის დაავადების შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. 

კოლუმბიის ყავის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტ რობერტო ველესის თქმით, ვირუსმა უკვე შექმნა პრობლემები, თუმცა მწარმოებლები გარკვეულ ზომებს მიმართავენ. ველესის თქმით, ყავის მწარმოებლები პრობლემების შემთხვევაში შეეცდებიან სხვა სფეროებში უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მოზიდვას. 

მდგომარეობას ამძიმებს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები. რთული ვითარებაა პერუშიც, ადგილობრივი ფედერაციის პრეზიდენტის, ჯიმი ლარიკოს თქმით, მოსავლის აღება უკვე მაისში უნდა დაიწყოს, თუმცა მათ შესაძლოა მუშახელი არ ეყოთ. პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტის გამო, სოფლებს ტოვებენ ფერმერებიც. 

გამოცემის ცნობით, მთელ მსოფლიოში ყავახანების ქსელების, კაფეების და რესტორნების დახურვა პროდუქტზე მოთხოვნას შეამცირებს, თუმცა ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ყავის მწარმოებლების მდგომარეობას და სხვა პრობლემებთან ერთად მათ გაყიდვის პრობლემაც შეექმნებათ.

კომენტარები