რააბი: Covid19-ზე ჩინეთს რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

დომინიკ რააბი
REUTERS

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ჩინეთს რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს - როგორ გავრცელდა კორონავირუსი და შესაძლებელი იყო თუ არა მისი პრევენცია.

რააბმა თქვა, რომ პანდემიამ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა აჩვენა და ბრიტანეთი ჩინეთთან მოქალაქეების რეპარაციისა და ნაწარმის შესყიდვების საკითხზე კარგად თანამშრომლობდა.

"ეჭვგარეშეა - ამ კრიზისის შემდეგ ჩვენ ვერ გვექნება ძველებური თანამშრომლობა და უნდა დავსვათ რთული კითხვები, თუ როგორ წარმოიშვა იგი და როგორ შეიძლებოდა მისი ადრე შეჩერება," - თქვა რააბმა 16 აპრილს, ბრიტანეთი-ჩინეთის მომავალ ურთიერთობაზე საუბრისას.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვასა და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებისთვის სჭირდებოდათ.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე, მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

მსოფლიოში ახალი ვირუსით დაინფიცირება 2 200 377 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 147 787 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 558 168.

კომენტარები