კორონავირუსი საქართველოში

რესპუბლიკური საავადმყოფო: სამწუხაროდ, მზარდი ტენდეციაა, უნდა დავიცვათ წესები

formulanews

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი დევი ტაბიძე ამბობს, რომ კლინიკებში პაციენტების რაოდენობა იზრდება და ეს არ უნდა გაცდეს გონივრულ ჩარჩოებს, რათა ექიმებმა შეძლონ ყველა პაციენტისთვის დახმარების აღმოჩენა.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა პაციენტს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება და მზად ვართ ამისთვის, ოღონდ ეს უნდა იყოს გონივრულ ჩარჩოებში. ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, გაითვალისწინონ ეს ყველაფერი, მათ შორის ისიც, რომ ყველა კლინიკაში რაოდენობა მომატებულია. რაოდენობა იზრდება, ამიტომ ყველამ დავიცვათ ერთმანეთი," - ამბობს ის.

ექიმის ცნობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტია მოთავსებული, პრაქტიკულად ყველა მათგანს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, ახალი პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. 

"დღეს რესპუბლიკურ საავადყოფოში 74 პაციენტია. გუშინდელი ტესტებიდან 10 მოვიდა დადებითი. დღეს გვყავს 21 დადასტურებული პაციენტი. დღეს ვაპირებთ 30 ანალიზის გაგზავნას და ამაზე დღის ბოლოს მივიღებთ პასუხს. სავარაუდოდ იქნება დადებითი პასუხებიც. სამწუხაროდ მზარდია ტენდენციაა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ უნდა დავიცვათ წესები, რომ თავი ავარიდოთ არასასურველ შედეგებს," - ამბობს ტაბიძე.

16 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის გამო ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ეკლესიებში მიმდინარეობს წირვა-ლოცვები და მრევლს ერთი კოვზიდან აზიარებენ. ხელისუფლება საპატრიარქოს დათანხმდა, რომ აღდგომის ღამის ლიტურგიას მოქალაქეებიც დაესწრონ. კომენდანტის საათის გამო, აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს. 

კომენტარები