სახელმწიფო და ეკლესია

ბოკერია: პრობლემაა სასულიერო პირების პროპუტინური გზავნილები და მათგან ძალადობის მფარველობა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, სახელმწიფო და ეკლესია უნდა იყოს გაყოფილი, თუმცა, როცა სასულიერო პირები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, გამოთქვამენ პოზიციას, ისინი საჯარო დისკუსიის სივრცეში ინაცვლებენ და აქ, საზოგადოებისგან პასუხაც მიიღებენ. ბოკერიამ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ცალკეულ სასულიერო პირებს საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება აქვთ. დეპუტატის თქმით, საზოგადოებისთვის დიდი პრობლემაა სასულიერო პირების მხრიდან შავრაზმული თემების შეწყნარება და მათი პროპუტინური გზავნილები.

"ჩემი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ამ სკანდალების ფონზე არის ის, რომ ეს შავრაზმული თემები, უმცირესობის თემებზე თავდასხმები, რუსული გავლენა, რომელიც სწორედ ამაში გამოიხატება, ასეთ თემაზე სიძულვილის ქადაგებებში და ძალადობის მფარველობაში, ბევრი სასულიერო პირისგან, რბილად რომ ვთქვათ, იყო შეწყნარებული და ეს დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის, ისევე როგორც სასულიერო პირების პირდაპირი პროპუტინური გზავნილები. მაგალითად, ქუთაისში ვინც გახდა მღვდელმთავარი [მეუფე იოანე გამრეკელი], ის თავის დიდ "ნაშრომში" ისტორიის გადაკეთებას ახდენს, რომ თურმე რუსეთს დიდი ზიანი არ მოუყენებია ჩვენი ეკლესიისთვის. როცა ასეთი განცხადებები ისმის მათგან, ამას მოჰყვება საზოგადოების რეაქცია" - ამბობს ბოკერია.

კითხვაზე, რაც ახლა ეკლესიაში ხდება, არის თუ არა ჩვენი საქმე, გიგა ბოკერია პასუხობს - "ყველა ის ნაწილი, სადაც საქმე ეხება საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად სიძულვილის ქადაგებას, შავრაზმული იდეების და ძალადობის მხარდაჭერას, რუსული იდეების ქადაგებას პოლტიიკურ დისკუსიაში, ეს არის ჩვენი საქმე". მისი თქმით, თავად სასულიერო პირებმა გააკეთეს არჩევანი, გადმოსულიყვნენ საზოგადოებრივ სივრცეში.

"როცა რიგითი სამღვდელო პირი მაგალითად ანიტა რაჭველიშვილს უსურვებს ყელის კიბოს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი განსჯის საგანია. ოღონდ ჩარევა [არ უნდა მოხდეს] ინსტიტუციონალური ხელისუფლების მხრიდან - ეკლესიაში რა უნდა მოხდეს, ვინ უნდა იყოს პატრიარქი, ან ვინ არ უნდა იყოს ეპისკოპოსი. მთავრობას არ აქვს უფლება, ინსტიტუციონალურად ჩაერიოს, მაგრამ საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკოსებს, უფლება კი არა მოვალეობა აქვთ, ასეთ რაღაცებზე ირეაგირონ. ზოგიერთს არასწორად ესმის ხელისუფლების და ეკლესიის გაყოფა, სასულიერო პირებს უკრძალავენ ხოლმე პოზიციის გამოთქმას. მათ აქვთ ამის უფლება, ოღონდ არ აქვთ უფლება, რომ ვეტო დაადონ საკითხს და მათ პოზიციას, თუ ჩვენ, მოქალაქეები, ან ჩვენი, საზოგადოების ნაწილი, თვლის, რომ ეს არის საზიანო ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით თავისუფლებისთვის, ასეთი შემთხვევები ხშირია სამწუხაროდ, ამაზე უნდა გამოვთქვათ პოზიცია" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებითვე, მეუფე პეტრეს ბრალდებების შემდეგ ხელუსუფლების განცხადებები მოწმობს, რომ "თავის გამოჩენა უნდათ ამ თემით - როგორ გადაეფარნენ ერთი მხრივ პატრიარქს და მეორე მხრივ, როგორ ისვრიან ტალახს ოპონენტებისკენ". ბოკერიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილიც ცდილობს, ამაში ხელისუფლებას დაემსგავსოს.

მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ პატრიარქი "პედერასტიასა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა, ხელისუფლების წევრებმა "ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე" შეტევის შესახებ მორიგი განცხადებები გააკეთეს. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს".  ქართული ოცნების თავმჯდომარე კი, საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, "შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ".

კომენტარები