თურქეთი

კორონავირუსის გამო თურქეთის ციხეებიდან 45 000 პატიმარს დროებით გამოუშვებენ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
AFP

​კორონავირუსის გავრცელების ფონზე 14 აპრილს თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რითაც დაახლოებით 45 000 პატიმარს გაათავისუფლებენ. ამგვარად, ხელისუფლება ცდილობს ციხეებში ხალხმრავლობა თავიდან აირიდოს და დაკავებულები კორონავირუსის გავრცელებისგან დაიცვას. ამის პარალელურად, თურქეთს აკრიტიკებენ, რადგან ტერორიზმში ბრალდებული აქტივისტები კვლავ პატიმრობაში დატოვა. კანონს 279 მხარდამჭერი და 51 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

პატიმრებს მაისის ბოლომდე დროებით გაათავისუფლებენ. იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, ეს პერიოდი სამჯერ მაქსიმუმ 2 თვის ვადით გაახანგრძლივოს. 

თურქეთის ციხეებში ახალი კორონავირუსით 17 პატიმარი დაინფიცირდა, 3 გარდაიცვალა. ვირუსი ასევე დაუდასტურდა ციხეში მომუშავე 79 პერსონალს.

ოპოზიცია კანონს აკრიტიკებს, რადგან მთავრობამ არ გაითვალისწინა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირები, რომელთა შორისაც არიან ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებსაც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში სდებდნენ ბრალს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ქურდების, თაღლითების და ქრთამის აღებისთვის ბრალდებული პირების გამოშვებამ, შესაძლოა, კრიმინალი გაზარდოს.

ქურდისტანის მუშაკთა პარტიასთან დაკავშირებულ პირები და პოლიტიკოსები ასევე ციხეებში რჩებიან.

Amnesty International თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ კანონი არ ეხებათ მათ, ვისი გამოშვებაც თურქეთის მთავრობას უნდა გაეთვალისწინებინა.

"ისინი, ვინც უსამართლოდ გაასამართლეს თურქეთის ანტიტერორისტული კანონით, ახლა მომაკვდინებელი დაავადებით დაინფიცირების წინაშე დგანან. თურქეთის მთავრობამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი, ვინც თავიანთი აზრის მშვიდობიანად გამოხატვისთვის დაიჭირეს".

2016 წლის შემდეგ თურქეთში პატიმრების რაოდენობა 300 000-მდე გაიზარდა - ევროპაში ყველაზე გადაჭედილი ციხეებით.

14 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთში 61 049 ადამიანი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით. გარდაიცვალა 1 296 პაციენტი. 3 957 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები