სამხრეთ კორეა აშშ-ს კორონავირუსის 600 ათას ტესტს გაუგზავნის

Reuters

დონალდ ტრამპის მიმართვის შემდეგ სამხრეთ კორეა აშშ-ს ახალი კორონავირუსის 600 000 ტესტს გაუგზავნის.

ტრამპმა ტესტები სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს, 25 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას სთხოვა. ტესტების საფასურს აშშ გადაიხდის.

გარდა ამისა, იგეგმება კიდევ 150 000 ტესტის გაგზავნა, რომელსაც ამერიკული კომპანიები შეიძენენ და შემდეგ გაყიდიან. კომპანიების სახელი უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ მათ შესაბამისი უფლება აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისაგან მიიღეს.

სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქვეყანაში გამოვლენილია ვირუსის 10 537 შემთხვევა, დაიღუპა 217, გამოჯანმრთელდა - 7 447 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენცია დიდწილად სწორედ მასობრივი ტესტირების საშუალებით შეძლეს.

აშშ კი ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსი ქვეყანაში სულ 560 433 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 22 115, გამოჯანმრთელდა - 32 634 ადამიანი.

კომენტარები