ტრამპი ეკონომიკის შესაძლო გახსნაზე: ყველაზე დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები

დონალდ ტრამპი
teletrader

აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - 30 აპრილის შემდეგ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები უნდა გაახანგრძლივოს, ან ხალხი სამსახურში დაბრუნებისკენ წაახალისოს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 აპრილს თქვა, რომ ეს ყველაზე დიდი გადაწყვეტილება იქნება, რომლის მიღებაც მას უწევს.

აშშ-ში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები თვის ბოლომდეა ძალაში. პრეზიდენტის მრჩეველთა ჯგუფი მომავალ კვირაში ეკონომიკის გახსნის საკითხს განიხილავს. 

"ყველაზე დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, რაც კი ოდესმე მიმიღია" - ტრამპი იმედოვნებს, რომ სწორ გზას აირჩევს. მისივე თქმით, ფაქტები აჩვენებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, შეზღუდვების მოხსნისთვის ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები არ იზრდება და სიკვდილიანობა მოსალოდნელ 100 000-ზე ნაკლები იქნება.

ტრამპი ამბობს, რომ ამ დროისთვის გუბერნატორებისგან აღარ იღებს ზარებს სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა დახმარების შესახებ:

"ხელოვნური სუნთქვის აპარატების, თავდაცვითი ტანისამოსის მხრივ დიდებულ ფორმაში ვართ, თვითმფრინავებით კიდევ დამატებითი აღჭურვილობა მოდის", - ამბობს ის.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, გასულ კვირას 6.6 მილიონმა ადამიანმა უმუშევრობის შემწობა მოითხოვა. ბოლო ოთხ კვირაში, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, ეს რიცხვი უკვე 17 მილიონამდეა ასული.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აშშ-ში მკაცრი ზომების გატარება მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო. შეწყდა ავიამიმოსვლა ევროკავშირდან, მსხვილ ქალაქებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდა შეზღუდვები სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაზე. 

თეთრმა სახლმა უკვე მიიღო ეკონომიკის სტიმულირების 2 ტრილიონიანი პაკეტი, რომელიც სხვა ნაბიჯებთან ერთად ამერიკელებისთვის 1,200 დოლარის ოდენობით პირდაპირი ფინანსური დახმარების გაცემას გულისხმობს.

კომენტარები