კორონავირუსი საქართველოში

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარევაჭრობა აიკრძალა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

4 მარტის დილიდან ოზურგეთის ბაზარი დაიხურა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით აიკრძალა გარევაჭრობაც. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

ოზურგეთში საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად მცდელობებისა, ბაზარში რეკომენდაციები დაცული არ იყო, ამიტომ გაურკვეველი დროით მისი დახურვა გადაწყდა:

„მერიამ, პოლიციამ და მოხალისეთა ჯგუფებმა მაქსიმუმი გააკეთეს ბაზრის გასაკონტროლებლად. ვეცადეთ, არ დახურულიყო, დახლები დავალაგებინეთ კომპაქტურად, მოქალაქეები რომ დისტანცირებულად გადაადგილებულიყვნენ და მოვაჭრეებს საარსებო წყარო ჰქონოდათ. ოთხჯერ ჩატარდა დეზინფექცია, ზედამხედველობის სამსახური აფრთხილებდა ყველას, დაეცვათ დისტანცია. ბაზარი კერძო საკუთრებაა, არ არის მუნიციპალიტეტის ბაზაზე და მერიამ ბევრჯერ გააფრთხილა ხელმძღვანელობა რეკომენდაციების გათვალისწინების თაობაზე, მაგრამ მაინც ასეთი შედეგი დადგა. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს იქნება ბაზარი დახურული“, - ამბობს ირაკლი სირაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

6 მარტიდან, ანალოგიური მიზეზით, იხურება სენაკის ბაზარიც. ზუგდიდისა და ფოთის ბაზრები ჯერჯერობით მუშაობას განაგრძობს.

ოზურგეთისა და სენაკის ბაზრებში დასაქმებული ადამიანები გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. მედიასთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ ბაზარში ვაჭრობა მათი მრავალსულიანი ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დარჩა.

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილება მხოლოდ პირადი მანქანით, ან ტაქსით არის შესაძლებელი, რომელშიც მაქსიმუმ სამი მგზავრი იქნება. დაიკეტა ყველა სავაჭრო დაწესებულება სასურსათო ობიექტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტის გარდა. 21:00-დან 06:00-მდე ქვეყანში კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

კომენტარები