სამადაშვილი 20 ივნისზე ომბუდსმენის დასკვნაზე: ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გავრილოვის ღამეს დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, ბრძანება არ ყოფილა.

სამადაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მის პოლიტიკურ გუნდს არ ჰქონია მოლოდინი, რომ არსებული ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებდა, სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა მათ მოლოდინსაც კი გადააჭარბა იმ კუთხით, რომ მისივე თქმით, ანგარიშში იკვეთება არამხოლოდ 20 ივნისს ჩადენილი დანაშაული, არამედ გამოძიების პროცესში დამალული მტკიცებულებები და სახელმწიფოს მხრიდან ყველანირი მცდელობა, რომ ამ საქმესთან მიმართებით სიმართლე არ დადგენილიყო. 

"[სახელმწიფო ცდილობს] ჯოხი გადატყდეს პოლიციის რიგით თანამშრომლებზე და პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ააცილონ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ სისხლიან ოპერაციას და ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე,"- თქვა სამადაშვილმა. 

დეპუტატის თქმით, გამოძიების შედეგად, საზოგადოებას კვლავ არ აქვს პასუხი, ვინ გასცა ბრძანება, რომ გამოყენებული ყოფილიყო ე.წ რეზინის ტყვიები. სამადაშვილის შეფასებით, თითქმის 10 თვის შემდეგაც ამ დღიდან, ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ პასუხი, ვინ გასცა ბრძანება ამ ჭურვების გამოყენებაზე 20 ივნისის ღამეს და არ სცემს პასუხს არათუ არცერთ დასმულ შეკითხვას, არამედ მისივე თქმით, გადაიმალა ის საუბრები, სატელეფონო თუ რაციის, რომლებიც სახალხო დამცველს მისცემდა შესაძლებლობას, დაედგინა სიმართლე. 

"აქ აშკარად გამოიკვეთა ერთი რამ, რომ ჩვენ სამწუხაროდ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ამ ანგარიშიდან ვასკვნით, რომ არათუ ის, რომ პასუხისმგებლობას გაურბის და არ პასუხობს შეკითხვებს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლანდელი პრემიერი, ბატონი გახარია, არამედ ამ ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ სხვა სახელმწიფო უწყებები, რომლებიც არიან პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში, უშუალოდ მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში და საკუთარი მოქალაქეების დარბევის ოპერაციაში, თუმცა დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ ისინი და რა იყო მათი როლი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში," - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

20-21 ივნისის მოვლენებზე სახალხო დამცველის შუალედური ანგარიში 2 აპრილს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების - კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, "ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ".

ანგარიშის თანახმად, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის რეკომენდაცია, რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა.

2019 წლის 20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. თვეების განმავლობაში, პარლამენტთან დემონსტრანტები ითხოვდნენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრს, გიორგი გახარიას აეღო და თანამდებობა დაეტოვობინა. მმართველმა გუნდმა კი, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და რამდენიმე თვეში პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

თავად გიორგი გახარიას ამბობდა, რომ ელოდებოდა გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდებოდა. გახარია ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებდა.

ასევე წაკითხეთ: გავრილოვის ღამე - გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა

კომენტარები