კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე

ბაქრაძე: თუ მოსახლეობა ვირუსისგან და ეკ. კოლაფსისგან არ დავიცავით, დაგვექცევა ქვეყანა თავზე

"თუ ჩვენი მოსახლეობა არ დავიცავით ვირუსისგან და ეკონომიკური კოლაფსისგან, დაგვექცევა ეს ქვეყანა თავზე," - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი ორის ეთერში ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფით გავლენაზე საუბრობს და მთავრობა მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

ბაქრაძე ამბობს, რომ უნდა შემცირდეს ყველა ხარჯი და მთელი თანხები უნდა იქნეს გადასროლილი საზოგადოების და ეკონომიკის დაცვაზე.

"დღეს რაღაც მისტიური სახით კი არ უნდა ვისაუბროთ, რო გეგმა გვაქვს და მერე ვიტყვით, დღეს რაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ ამ ყველაფერს,  მით უფრო ნაკლები ზიანი იქნება. მათ შორის არის ნაბიჯები, რომელსაც ფულიც არ სჭირდება. მაგალითად, საპენსიო ფონდიდან ადამიანებისთვის დანაზოგის დაბრუნება, საპენსიო ფონდში გადარიცხვების შეჩერება. ეს არის ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც წავა ადამიანების ჯიბეში, რომელი დარჩება ეკონომიკაში და ერთი კაპიკი არ დაეხარჯება აქედან სახელმწიფოს," - ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძე მთავრობას ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული გეგმის განხილვას სთავაზობს. 

"სრულიად საქმიანად, ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე, ვთავაზობთ ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას თავისი გაწერილი ბიუჯეტით, სახსრების წყაროებით და რაც მთავარია, ძალიან დეტალურ ნაბიჯებით, რა უნდა გაკეთდეს," - ამბობს ბაქრაძე.

ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული გეგმა, საპენსიო შენატანების დროებით შეჩერებისა და ერთჯერადი კომუნალური ვაუჩერის გაცემის გარდა, მოიცავს სახელფასო დანაკლისის ანაზღაურება შემდეგი 8 თვის განმავლობაში, ასევე, საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ერთჯერადად 200 ლარის გადაცემას. 

პარტიის გეგმა ასევე ითვალისწინებს, შემდეგი 4 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის განულებას, ხოლო კიდევ მომდევნო 4 თვის განმავლობაში - განახევრებას ითვალისწინებს. ევროპული საქართველო ასევე ითხოვს, მიმდინარე წელს ქონების გადასახადის განულებას და დღგ-ს სტრუქტურის ცვლილებას. 

სხვა ნაბიჯებთან ერთად, ევროპული საქართველო მთავრობას სხვადასხვა ფისკალურ და მონეტარულ ინიციატივებსაც სთავაზობს.

კომენტარები