გაბუნია: გვაქვს ანტიგენზე დამყარებული 4 000 და ანტისხეულზე დამყარებული 2 000 ტესტი

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 1-ლი აპრილის მდგომარეობისთ საქართველოში 4 000 ერთეული ანტისხეულზე დამყარებული ტესტია, ასევე, 2 000 ერთეული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელსაც გამოყენებისთვის ანალიზატორი სჭირდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო უმოკლეს ვადაში კიდევ 2 000 ერთეულ სწრაფ ტესტს მიიღებს, რომლის გამოყენებაც ანალიზატორის გარეშე, მარტივად იქნება შესაძლებელი.

"გარდა ამისა, თითოეული კლინიკისთვის გამოყოფილია ის ლაბორატორია, რომლებიც, გარდა ლუგარისა, გააკეთებენ საკონტროლო ტესტირებას, რადგან ჩვენ, პირველ ეტაპზე მაინც, მოგვიწევს ხარისხის კონტროლის მექანიზმის გამოყენება და დადებითი პასუხის გადამოწმება PCR ტესტირებით.

ასევე, იგეგმება ე.წ ცხელების კლინიკებიდან 2 ადამიანის დატრენინგება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ეს ადამიანები იქნებიან დატრენინგებულები ნაცხის აღების ტექნიკაში, რათა გამოიყენონ ანტიგენზე დამყარებული ტესტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში კლინიკები ადგილზე შეძლებენ ცხელებით შემოსული პაციენტების შემოწმებას", - თქვა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, შეიცვალა ადამიანების ტესტირების ალგორითმი და დღეიდან კორონავირუსის ანალიზს არა მხოლოდ მოგზაურობის ისტორიის მქონე ან ინფიცირებულის კონტაქტს აუღებენ, არამედ სხვა პირებსაც.

კომენტარები