საია

საია: მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს შეაჩეროს საკონსტიტუციოს მოსამართლის დანიშვნა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცია მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, დროებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურა, ხოლო მისი განახლების შემდეგ, კენჭისყრამდე გონივრული დროით ადრე, განხილვის მიზნით, საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ. 

ამის შესახებ იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას, პლენუმის სხდომის ჩანიშვნა, გაუგებარია.

ტაბულა განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საკონსტიტუციო სასამართლო  10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან შედგება, მათგან სამს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ნიშნავს. კანდიდატს ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილების მიღებად დამსწრეთა 2/3-ია საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2019 წლის 5 დეკემბერიდანაა თავისუფალი. მიუხედავად  მოწოდებისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დაარღვია კანონი და ამ დრომდე არ გადადგა ვაკანსიის შესავსებად საჭირო ნაბიჯები. ეს პროცესი, დღეს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოულოდნელად, დაინიცირდა. ხვალ, 31 მარტს 15:00 საათზე, გაიმართება პლენუმის სხდომა, რომლის დღეს წესრიგის ერთადერთი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნაა.

პლენუმისათვის კანონით დაკისრებული მოვალეობა სასამართლოსადმი ხალხის ნდობის და რწმენის განმტკიცებაა, თუმცა ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოს მესვეურების კეთილსინდისიერებას. იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას, როცა პანდემიის გავრცელებისგან შეჩერების მიზნით სასამართლო სხდომებიც კი ელექტრონულად მიმდინარეობს, პლენუმის სხდომის ჩანიშვნა, გაუგებარია. ამგვარ სიტუაციაში ასევე შეუძლებელია საკითხის გარშემო ჯეროვანი დისკუსიის გამართვა, ხოლო სხდომის ფორმალურად ღიაობა ვერ შეავსებს საჯარო მსჯელობის იმ დეფიციტს, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის  ამ პირობებში დანიშვნა წარმოშობს. ეს ქმედება მმართველი გუნდისა და კლანის მიერ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე საკუთარი გავლენის კიდევ უფრო განვრცობას ემსახურება. 

მოვუწოდებთ უზენაესი სასამართლოს პლენუმს, დროებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, შეაჩეროს პროცესი, ხოლო მისი განახლების შემდეგ, კენჭისყრამდე გონივრული დროით ადრე, განხილვის მიზნით, საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ." 

უზენაესი სასამართლოს ცნობით, 31 მარტს, 15:00 საათზე პლენუმის სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგით სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნაა გათვალისწინებული.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს კვოტით გამწესებული მოსამართლე. საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაია კოპალეიშვილს 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება უნდა მოხდეს "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა". შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნის ვადა 24 ნოემბერს ამოეწურა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე ირჩევს, მათ შორის, ახლადდანიშნული 14 მოსამართლე - შალვა თადუმაძე, ნინო ქადაგიძე, მერაბ გაბინაშვილი და ა.შ.

კომენტარები