აშშ

Busch ლუდს აჩუქებს მათ, ვინც COVID-19-ის დროს ცხოველთა თავშესაფრიდან უპატრონო ძაღლს შეიფარებს

ლუდის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Anheuser-Busch სამი თვის სამყოფ ლუდს აჩუქებს 500 ადამიანს, ვინც კორონავირუსის დროს მინესოტაში მდებარე ცხოველთა თავშესაფრიდან უპატრონო ძაღლს შეიფარებს.

"ყველას გამოადგებოდა ახლა დივანზე კომპანიონი. ამიტომ, თუ მოუვლით ან აიყვანთ ძაღლს Midwest Animal Rescue-ს თავშესაფრიდან, 3 თვის სამყოფ Busch-ს გადმოგცემთ, რათა მათ გვერდით ისიამოვნოთ."

"ამ ცვალებად და მარტოსულ დროს, ხალხს გამოსავალი სჭირდება: საყვარელი ლეკვების მიმები და ფოტოები. მაგრამ, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება საყვარელი ლეკვების ფოტოები, რათა სოციალურ დისტანცირებას გავუმკლავდეთ, იმდენად სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება. სოციალური დისტანცირება ოთხფეხა მეგობართან და ცივ ლუდთან ერთად უკეთესია." თქვა კომპანიის სპიკერმა.

კორონავირუსის გამო აშშ-ში ცხოველთა თავშესაფრები ვიზიტორებისათვის დაიკეტა. ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის გადაიდო ღონისძიებები, სადაც უპატრონო ცხოველების აყვანა ხდებოდა. მიუხედავად ამისა, თავშესაფრებში ყოველდღიურად ხვდებიან უპატრონო და მიტოვებული ცხოველები, ამიტომ თავშესაფრები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად უპოვონ მათ ახალი სახლი.

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა. დაავადება გამოუვლინდა 142,735 ადამიანს, დაიღუპა 2,488, გამოჯანმრთელდა 4,559.

კომენტარები