საპატრიარქო და კორონავირუსი

ჯაღმაიძე: დისტანციას ვიცავთ, თუ უფრო მკაცრი რეკომენდაცია იქნება, სინოდმა უნდა ითათბიროს

მთავარი არხი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მღვდელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დისტანციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია თითქმის ყველა ეკლესიაში გათვალისწინებულია და სრულდება. მისივე თქმით, თუ რაიმე სხვა რეკომენდაციები იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ და უნდა ითათბირონ ამაზე. 

ჯაღმაიძის თქმით, სინოდის შეკრება არ არის ლიმიტირებული და საჭიროების შემთხვევაში კიდევ შეიძლება შეიკრიბოს. 

"რაც შეეხება შეკითხვას, სინოდის გადაწყვეტილებების ფარგლებში თუ შეიძლება რამე დაზუსტდეს - შეიძლება დაზუსტდეს. სინოდის გადაწყვეტილება რასაც არ კრძალავს, იქ შესაძლებელია, რომ დაზუსტდეს რეკომენდაციები კიდევ. მე ვერ ჩამოგითვლით ნაადრევი იქნება ჩემგან გაჟღერება, ნებისმიერი დებულება, მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმდენად მკაცრად განსაზღვრული, რომ იქ არ შეიძლებოდეს რამის დაზუსტება. თუ იქნება ამის აუცილებლობა და მღვდელმთავრები მიიჩნევენ საჭიროდ კვლავ შეკრებას, დაველოდოთ,"- ამბობს ჯაღმაიძე.

კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზეც კი პრევენციისათვის საპატრიარქო უარს ამბობს უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზიარებისას და არ ცვლის ერთი კოვზით ზიარების წესს. 

ზოგიერთ ტაძარში დისტანციის დასაცავად ადგილები სტიკერებით მონიშნეს. 

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს. 

25 მარტს საპატრიარქომ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, "უარს ამბობს მაცხოვარზე." საპატრიარქოს განცხადების მიხედვითვე, მათ, ვინც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, მოძღვარი სახლში აზიარებს. 

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, სრულ განკურნებამდე სახლში დარჩნენ, ხოლო ტაძრებში დაიცვან დისტანცია - 2 მეტრი. ტაძრის ეზოში - 1.5 მეტრი. განცხადების მიხედვით, მოძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვაზე და 7-გზის ზეთისცხებაზე მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ.

კომენტარები