სინგაპურში კორონავირუსის ტესტი შექმნეს, რომელიც პასუხს 5 წუთში ადგენს

სინგაპურის ტექნოლოგიების, კვლევებისა და მეცნიერების სააგენტოსთან არსებულმა ლაბორატორია Nano Bio-მ, Covid-19-ის დამდგენი ექსპრეს ტესტი შეიმუშავა, რომელიც პასუხს 5-10 წუთის ფარგლებში იძლევა. 

ადგილობრივი გაზეთის, Strait Times-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც გამოგონებას მასობრივად ჩაუშვებენ წარმოებაში, ეს Covid-19-ის ყველაზე სწრაფი ტესტი იქნება. ლაბორატორიაში ვარაუდობენ, რომ წარმოებასა და გამოყენებაზე სახელმწიფოსგან ნებართვას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ, რის შემდეგაც ტესტს უშუალოდ საავადმყოფოებში გამოიყენებენ. 

როგორც ცნობილია, ტესტირების დროს პაციენტის ნაცხს იყენებენ, რომელიც ტესტისთვის პორტატულ მოწყობილებაში თავსდება. ლაბორატორიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯეკი ინმა განაცხადა, რომ ტესტი საკმარისად მგრძნობიარეა და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. 

სინგაპურში შექმნილი ახალი ტესტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენება პირდაპირ საავადმყოფოებში იქნება შესაძლებელი. მსოფლიოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 472 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 21,304 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 114 ათასს აღემატება.. 

 

კომენტარები