კორონავირუსით დაინფიცირებული მღვდელი

მეუფე საბა: COVID-19-ით დაინფიცირებულ დეკანოზს ბოლო დროს აშშ-ში მრევლთან შეხება არ ჰქონია

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოს საბა ინწკირველის ინფორმაციით, ეპარქიის მღვდელი, რომელსაც აშშ-ში კორონავირუსი დაუდასტურდა, დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია. ეპისკოპოსი საბა ამბობს, რომ დეკანოზს ბოლო პერიოდში მრევლთან შეხება არ ჰქონია და წირვა არ ჩაუტარებია, თუმცა მაინც მოუწოდებს ყველას, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ფრთხილად იყვნენ და საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციონ ყურადღება.

ეპისკოპოსის ინფორმაციით, მას ვირუსის მსუბუქი ფორმა და დაბალი სიცხე აქვს და სახლში მკურნალობს, რადგან ამერიკაში ინფიცირებული პირები, რომლებსაც მძიმე ფორმა არ აქვთ, საავადმყოფოში არ გადაჰყვათ, პაციენტების სიმრავლის გამო.

"პარასკევს, 20 მარტს, მას ჰქონდა სიცხე და იმავე დღეს დარეკა ექიმთან და შაბათს გაიკეთა ტესტი. იმავე დღიდან იყო იზოლირებული. გუშინ მოვიდა დადებითი პასუხი. ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია და არც შეხება ჰქონია ამ პერიოდში მრევლთან," - ამბობს მეუფე საბა. 

ეპისკოპოს საბას თქმით, დეკანოზი ვირუსით, სავარაუდოდ, 8-9 დღის წინ ნიუ-იორკში დაინფიცირდა, სადაც "გარკვეულ სამუშაოს ასრულებდა". 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში კორონავირუსი ერთერთ სტიქაროსანსაც დაუდასტურდა.

კომენტარები