კორონავირუსი საქართველოში

ქალს, რომელმაც ფოთის ინფექციურს დღეს პნევმონიით მიმართა, კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქალს, რომელმაც დღეს ფოთის ინფექციურ საავადმყოფოს პნევმონიით მიმართა, კორონავირუსი არ დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მას შემდეგ მივიდა, რაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ქალი ამბობდა, რომ მას ბოლნისის მცხოვრებლებთან შეხება ჰქონდა.

"არ დადასტურდა კორონავირუსი. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკურადაც დამაკმაყოფილებელია და ლაბორატორიულად არ დადასტურდა. არის ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელსაც ამავე დროს ახასიათებს ფილტვების ცალმხრივი ანთება. ხვალ გადაწყდება მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს, თუ ბინაზე და იქვე ავიყვანთ თვითიზოლაციის პირობებში", - თქვა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

მარნეული და ბოლნისი 23 მარტის 01:00 საათიდან კარანტინშია. კარანტინი შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძიებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

კომენტარები