მარნეულის და ბოლნისის საკარანტინო ზონებთან თავდაცვის ძალების გამშვები პუნქტები მოეწყო

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საკარანტინო ზონასთან თავდაცვის ძალების სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყო. .

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარის აღმოსავლეთ სარდლობის ტექნიკა მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე გამთენიისას შევიდა

"მთელი ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის პირადმა შემადგენლობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან საკონტროლო გამშვები პუნქტი 5 ლოკაციაზე მოაწყო. გაიშალა საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს პოლიციასთან ერთად გააკონტროლებენ", - აცხადებს უწყება.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 - გამოჯანმრთელდა. კიდევ 5 ადამიანს საავადმყოფოებიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. კარანტინის რეჟიმშია - 3254 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი მარნეულში მცხოვრები ქალია, რომელსაც, NCDC-ის ინფორმაციით, 86 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. პრემიერმინისტრ გახარიას ინფორმაციით, ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ამ მიზეზით, ხელისუფლებამ მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები